გრიპის ვირუსი (Mixovirus influenzae) მიეკუთვნება ორთომიქსოვირუსების ოჯახს. მას გააჩნია სფერული ფორმა. მისი ზომაა 80-120 ნმ.
ვირუსის შუაგულში მოთავსებულია ერთჯაჭვიანი რნმ, რომელიც შედგება 8 ფრაგმენტისგან და აკოდირებს 10 ვირუსულ ცილას. რნმ-ის ფრაგმენტებს აქვთ საერთო ცილოვანი გარსი, რომელიც აერთიანებს მათ და წარმოქმნის ნუკლეოპროტეიდს.
ვირუსის ზედაპირზე აღინიშნება “წანაზარდები” (გლიკოპროტეინები) – ჰემაგლუტინინი და ნეირამინიდაზა. ჰემაგლუტინინი უზრუნველყოფს ვირუსის დაკავშირებას უჯრედის ზედაპირზე არსებულ რეცეპტორებთან და მის შეღწევას უჯრედში. ნეირამინიდაზა კი, პასუხს აგებს ახალწარმოქმნილი მრავლობითი ვირუსების გამოთავისუფლებაზე უჯრედიდან.
ნუკლეოპროტეიდი (ე.წ. შ-ანტიგენი) მუდმივია და განაპირობებს ვირუსის ტიპს. ზედაპირული ანტიგენები (ჰემაგლუტინინი და ნეირამინიდაზა, ე.წ. V-ანტიგენები), პრიქით ხასიათდებიან ცვალებადობით და განსაზღვრავენ ერთი და იგივე ტიპის ვირუსის სხვადასხვა შტამს.
A გრიპის ვირუსი იწვევს საშუალოდ და მძიმედ მიმდინარე დაავადებას. იგი აზიანებს ადამიანს და ზოგიერთ ცხოველს (ცხენი, ღორი, ფრინველი). სწორედ იგი აგებს პასუხს პანდემიებზე და მძიმე ეპიდემიებზე. ცნობილია მისი მრავალი ქვეტიპი, რომლებიც კლასიფიცირდებიან ზედაპირული ანტიგენების მიხედვით: ამჟამად ცნობილია 16 ტიპის ჰემაგლუტინინი და 9 ტიპის ნეირამინიდაზა. იგი ხასიათდება სახეობასპეციფიურობით, მაგ., ფრინველის ვირუსი ვერ აზიანებს ღორს ან ადამიანს.
გრიპის B ვირუსი არ იწვევს პანდემიებს. ძირითადად იგი გვევლინება ლოკალური აფეთქებების და ეპიდემიების მიზეზად. მისი აფეთქებები შეიძლება თანხვდებოდეს A გრიპის აფეთქებას ან წინ უსწრებდეს მას. გრიპის B ვირუსი ცირკულირებს მხოლოდ ადამიანის პოპულაციაში (უხშირესად დაავადებას იწვევს ბავშვებში)
გრიპის c ვირუსი არ არის საკმაოდ შესწავლილი. ცნობილია, რომ იგი შეიცავს ნუკლეინის მჟავის 7 ფრაგმენტს და ერთ ზედაპირულ ანტიგენს. აინფიცირებს მხოლოდ ადამიანს. დაავადების სიმპტომები საერთოდ არ ვლინდება ან მსუბუქ ხასიათს ატარებს.
გრიპის ვირუსი მეტად მდგრადია დაბალ ტემპერატურაზე - 4° С იგი ინახება 2-3 კვირის განმავლობაში; 50-60° С ვირუსი იღუპება რამოდენიმე წუთში, მადეზინფიცირებელი ხსნარების მოქმედებით – მყისიერად.
გრიპის ვირუსის კოდირების საერთაშორისო სისტემა: წლების განმავლობაში გაჩნდა A და B ტიპის ვირუსების უამრავი ვარიანტი. ამასთან დაკავშირებით გაჩნდა სისტემატიზაციის აუცილებლობა, რის გამოც შემუშავებულ იქნა კოდირების საერთაშორისო სისტემა, რომლის მეშვეობითაც ყველა ვარიანტმა მიიღო თავისი კოდი, მაგ., A/ბანგკოკი/1/79(H3N2)1. ვირუსის ტიპი (A,B ან C) = A 2. ვირუსის გამოყოფის გეოგრაფიული ადგილი = ბანგკოკი 3. მოცემულ წელს და მოცემულ ლაბორატორიაში გამოყოფილი ვირუსის რიგითი ნომერი = 1 4. გამოყოფის წელი = (19)79 5. ანტიგენური ქვეტიპის აღნიშვნა = H3N2 თუ ვირუსი გამოყოფილ იქნა ცხოველისგან, ვირუსის ტიპის შემდეგ მიანიშნებენ ცხოველის სახელს.